მიკოლოგია მეცნიერების გასაოცარი დარგია, რომელიც სათანადოდ შეუფასებელი სილამაზის მქონე სოკოთა საიდუმლოებით მოცულ ცხოვრებას უღრმავდება. 50 მილიონი წლით დათარიღებულ ქარვაში დაცული სოკოს აღმოჩენა მათი მშვენიერების გამოსავლენ შესანიშნავ საშუალებად გვევლინება — თუ, რა თქმა უნდა, დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ ეს კონკრეტული სოკო ჭიანჭველას სწორი ნაწლავიდან ვითარდება.

ყურს ესოდენ უსიამოვნოდ მოხვედრილი მოვლენა მნიშნელოვან აღმოჩენად ითვლება. ჟურნალ Fungal Biology-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, ნიმუში არა მხოლოდ სოკოს ახალ გვარსა და სახეობას, არამედ სოკო-პარაზიტისა და ჭიანჭველას ურთიერთობის ჩვენთვის ნაცნობ უძველეს მაგალითსაც წარმოადგენს, რაც ამ სოკოს დიდ აკადემიურ ღირებულებას ანიჭებს.

ნავარაუდევია, რომ უიღბლო ჭიანჭველა მერქანჭამიაა, რომელიც ახლებურად სახელდებულ სოკო Allocordyceps baltica-ს მიერ დასნებოვნებულ ევროპის ბალტიკურ რეგიონში იქნა ნაპოვნი. ის, რასაც ძირითადად სოკოების ყურებისას ვხედავთ ხოლმე, მხოლოდ სოკოს რეპროდუქციულ სხეულს წარმოადგენს, დანარჩენი ნაწილი კი მასპინძლის სხეულზე ან მის შიგნით ცხოვრობს — თვალთახედვის არის მიღმა. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს A. baltica-ის შემთხვევაში, რომელიც ანტიკური მერქანჭამია ჭიანჭველას შიგნით ბინადრობს მაშინ, როცა სოკოს მსხმოიარე სხეული სწორი ნაწლავიდან გამოიდევნება, ვეგეტატიური ნაწილი კი მის მუცლის ღრუსა და კისერშია მოთავსებული.

"ჭიანჭველები არაერთი საინტერესო პარაზიტის მასპინძლებს წარმოადგენენ, რომელთაგან ზოგიერთი მწერების ქცევას პარაზიტთა განვითარებისა და გავრცელებისაკენ მიმართავს", — განაცხადა ორეგონის შტატის უნივერსიტეტის გადამდგარმა დამსახურებულმა პროფესორმა ინტეგრაციული ბიოლოგიის დარგში, ჯორჯ პოინარმა.

"მერქანჭამია ჭიანჭველებად წოდებული Camponotini-ის ტრიბას წარმომადგენლები განსაკუთრებით მგრძნობიარენი ჩანან Ophiocordyceps-ის გვარის სოკოვანი პათოგენების მიმართ, მათ შორის იმ სახეობის, რომელიც დასნებოვნებულ ჭიანჭველას მცენარის მრავალი ნაწილის დაკბენას აიძულებს, სანამ საბოლოოდ მოკვდება".

სოკოს ახალი გვარისა და სახეობის წევრები ჭიანჭველას სხეულიდან გამოიყოფიან

ფოტო: George Poinar Jr., OSU

წინასწარგანუზრახველი ქცევა (რომლიდან გამომდინარეც Ophiocordyceps-ს სხვაგვარად "ზომბი სოკოს" სახელწოდებასაც უსადაგებენ) სოკოს მხრიდან ლოგიკური სვლაა, ვინაიდან ჭიანჭველას იგი სპორების გავრცელებისათვის იდეალურ ადგილას წარგზავნის. მისი მსხმოიარე სხეული, ჭიქის ფორმის სტრუქტურა, იგივე ასკომა, მის ფორებს ზედაპირიდან ნიავს ატანს, რითიც მათი გავრცელებისა და სხვა ჭიანჭველების დაინფიცირების პროცესს უწყობს ხელს. ახალ სოკოვან გვარსა და სახეობას შორის არსებული საერთო Ophiocordyceps-თან სწორედაც რომ ქარვაში ხილვადი მსხმოიარე სხეულის ქონას მოიცავს.

ასევე იხილეთ: "ზომბი" ციკადების აღმოჩენა - სოკოები ამ მწერების გონებაზე კონტროლს ამყარებენ

"ჩვენ ვხედავთ მოზრდილ, ნარინჯისფერ, ჭიქის ფორმის ასკომას განვითარებადი პერითეზიით (კოლბის ფორმის სტრუქტურათა ერთობლიობა, რომელიც სპორების გამოთავისუფლებაზე აგებს პასუხს), რომელიც ჭიანჭველას სწორი ნაწლავიდან გამოდის", — ამბობს პოინარი.

"სოკოს ვეგეტატიური ნაწილი მუცლის ღრუსა და კისრის ფუძიდან გამოდის. ვხვდებით პერითეზიის მსგავსი ნაწილის მატარებელ დამოუკიდებლად მოარსებე სოკოვან სხეულებს და ვხედავთ პარკისმაგვარ სტრუქტურებსაც, სადაც სპორები ვითარდება. ყველა სტადიაზე, ჭიანჭველას მიჯაჭვული იქნებიან ისინი თუ დამოუკიდებლად მოარსებე, ერთ სახეობას წარმოადგენენ".

სოკოს შემჩნევა მერქანჭამია ჭიანჭველას სილუეტის ქვედა მარცხენა მეოთხედშია შესაძლებელი

ფოტო: George Poinar Jr., OSU

ანტიკურ სოკოსა და ჭიანჭველას დამაინფიცირებელ Ophiocordyceps-ის გვარს შორის განმასხვავებელ თვისებას მასპინძლის სხეულის დატოვების მარშრუტი წარმოადგენს. მაშინ, როცა Ophiocordyceps ჩვეულებრივ, მისივე მასპინძლის კისრიდან ან თავიდან ამოიჭრება, A. baltica რექტალურ გზებს არჩევს, რაც შეიძლება არასტანდარტულ ნაბიჯად გეჩვენოთ, მაგრამ ის მთავარი ღირებულება, რომელსაც ნიმუში მოიცავს, ჩვენთვის ცნობილი უძველესი მაგალითია სოკოსა და ჭიანჭველას პარაზიტული ურთიერთობის შესახებ, ექნება მას რექტალური გასასვლელი თუ არა.

"უეჭველია, რომ Allocordyceps მერქანჭამია ჭიანჭველას სოკოვან ინფექციას წარმოადგენს", — აცხადებს პოინარი.

"ეს Hypocreales-ის რიგის წარმომადგენლის მიერ ჭიანჭველას სხეულის დატოვების შესახებ პირველი განამარხებული საბუთია. მომავალ კვლევებშიც შეიძლება მისი გამოყენება, როგორც ჭიანჭველათა სოკოვანი პარაზიტიზმის აღმწერი ყველაზე ადრეული ცნობის, როგორც ორიენტირის სოკოსა და ჭიანჭველას ურთიერთკავშირის დასაბამის შესახებ".