"მიხარია, რომ აქ ვარ და შესაძლებლობა მაქვს შევუერთდე იმ ბრძოლას, რასაც საქართველოს ლგბტქ თემი მათი უფლებების დაცვისთვის აკეთებს", — ამ სიტყვებით დაიწყო სიტყვით გამოსვლა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა. ის დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან პრაიდის კვირეულს დაესწრო.

ფილმის ჩვენებაზე მან თავისი ქვეყნის გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, თუ დიდ ბრიტანეთში, დღეს ლგბტქ ადამიანების უფლებები დაცულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იყო.

"1954 წლიდან კი ბრიტანეთმა მუშაობა დაიწყო იმისათვის, რომ ჰომოსექსუალობა არალეგალური აღარ ყოფილიყო და ამისთვის სახელმწიფოს მუშაობა 1967 წლამდე დასჭირდა. თუმცა კანონის შეცვლის მიუხედავად, ქვეყანაში დისკრიმინაცია არ შეჩერებულა", — განაცხადა კლეიტონმა.

დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით, 1972 წელს, 50 წლის წინ დიდ ბრიტანეთში პირველი პრაიდი ჩატარდა.

"ჩემს საკუთარ ორგანიზაციაში, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტში, 1991 წლამდე ლგბტ ადამიანებმა ღიად მუშაობის უფლება არ ჰქონდათ", — თქვა მან.

მან, ასევე, ბრიტანული წარმოშობის იმ ფილმზეც ისაუბრა, რომლის ჩვენებაც ადგილზე გაიმართა.

"ფილმი ჯერ ნანახი არ მაქვს, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ ძალიან კარგი და საინტერესო იქნება. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის უფლებები მისი სექსუალური ან გენდერული ნიშნით არ უნდა იყოს განსაზღვრული", — განაცხადა მარკ კლეიტონმა.

დღეს, პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის ჩვენებას ათეულობით ადამიანი ესწრება, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

იმ ტერიტორიასთან, სადაც თბილისი პრაიდის ღონისძიება იმართება, შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობდნენ. ისინი ისროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს და რამდენჯერმე პოლიციას დაუპირისპირდნენ. ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივი წესით დაკავებული 12 პირი.