ივ.ბოკერიას ჰოსპიტალსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამედიცინო პროფილის სტუდენტებს განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი თბილისის ღია უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა გახდა. უნივერსიტეტის სტუდენტები ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გაიღრმავებენ. სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ჰოსპიტლის წამყვანი ექიმები. ასევე, სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

სტუდენტებს, რომლებიც თბილისის ღია უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინგლისურენოვან პროგრამაზე ისწავლიან, ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, სტაჟირება ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გაიარონ. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ჰოსპიტალი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 3 სტუდენტს დიპლომისშემდგომ სწავლებას დაუფინანსებს და სასურველ სარეზიდენტო პროგრამაზე სწავლას უფასოდ შესთავაზებს.

თბილისის ღია უნივერსიტეტი მედიცინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამაზე ქართველ სტუდენტებს 2021 წლის შემოდგომაზე პირველად მიიღებს. ივ.ბოკერიას ჰოსპიტლის ინიციატივით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად მოხდება სასწავლო გრანტის გამოყოფა 100 000 ლარის ოდენობით, მათ შორის ყველაზე მაღალი ქულების მქონე 5 აბიტურიენტს სწავლა სრულად დაუფინანსდება. ასევე, აღსანიშნავია რომ ივ.ბოკერიას ჰოსპიტალი და თბილისის ღია უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად შექმნიან სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულების სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების განვითარებასა და ინტერდისციპლინარული მენეჯმენტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის მსგავსი ფორმატი სამედიცინო კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საქართველოში პირველია. ექსკლუზიური მემორანდუმი მედიცინის თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ სწავლების თეორიული და პრაქტიკული უახლესი მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ ივ.ბოკერიას ჰოსპიტალი გახლავთ ევექსი ჰოსპიტლების ქსელში შემავალი ერთ-ერთი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც 322 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ყველა სამედიცინო პროფილით ემსახურება.