თუკი ბოლო პერიოდის განმავლობაში ახალ ამბებს თვალს ადევნებდით ძნელია ბრიტნი სპირსთან დაკავშირებული სიახლეებისთვის თვალი არ მოგეკრათ.

რამდენიმე დღის წინ მომღერალი სასამართლოს წინაშე წარსდგა და ჩვენება მისცა. მას სურდა, მამამისის მეურვეობისგან გათავისუფლებულიყო. პოპ პრინცესამ 2008 წლიდან მისი ცხოვრება "მონობას", მეურვეობა კი "სექსტრეფიკინგს" შეადარა და განაცხადა, რომ საკუთარი სურვილით გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. მაგალითად, ვერ ახერხებს ქორწინებას, შვილის გაჩენას და დასვენებას, როცა ეს სურს.

თუმცა როგორც ჩანს, მისი ემოციური ჩვენება და წარდგენილი სამხილები საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბრიტნის მამა ისევ დარჩეს მომღერლის მეურვედ.

ბრიტნი სპირსი საყიდლებზე თავის მეურვესთან (და მამასთან), ჯემი სპირსთან ერთად 2008 წელს.

ფოტო: Getty

მომღერლის მამამ, ჯეიმი სპირსმა, თავადაც შეიტანა განაცხადი სასამართლოში და ბრიტნისთვის დაწესებულ შეზღუდვებში საკუთარი პასუხისმგებლობა უარყო. მისი თქმით, ის მხოლოდ მის ქონებას აკონტროლებს და შვილის პირად ცხოვრებაშიუკვე 2 წელია არ ერევა.

2019 წელის შემდეგ ბრიტნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჯუდი მოდგომერი აკონტროლებს. მამამისის თქმით, ბრიტნის სინამდვილეში სულაც არ სურს ჯუდის მეურვედ დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის ადვოკატმა სწორედ ამ მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.

თავის მხრივ მოდგომერის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჯუდის მთავარი მისია მომღერალზე ზრუნვა და მისი ჯანმრთელობის გაკონტროლებაა.

სამწუხაროდ ბრიტნი სპირსის თავისუფლება ჯერ კიდევ სხვა ადამიანების ხელშია, თუმცა მისი გულშემატკივრები არ აპირებენ მარტივად დანებებას.