დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ერთად კიდევ ერთხელ მოუწოდა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე მივიდეს. მას სურს, კომიტეტის ფარგლებში მინისტრმა პრაიდის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბროს.

"ჩვენ დავიბარეთ შს მინისტრი პარლამენტში, იმისთვის, რომ მან უპასუხოს ყველა შეკითხვას და გვქონდეს გარანტია, რომ სწორედ ისე ჩატარდება ეს კვირეული და 5 ივლისს მარში, რომ თითოეულ ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული. სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი. ამით ირღვევა რეგლამენტი, არ ჩანიშნულა ადამიანის უფლებათა კომიტეტი. არაფერს გვეუბნება მინისტრი, რომელსაც ვალდებულება აქვს რომ ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩანიშნოს კომიტეტი და დაიცვას მინისტრმა რეგლამენტი", — განაცხადა სამნიძემ ბრიფინგზე.

MDF-ის დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პრაიდის ჩატარება, რადგან ვერცერთი საზოგაოება ვერ განვითარდება, თუ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ ექნება შესაძლებლობა, გამოხატოს და ისარგებლოს მისი კონსტიტუციური უფლებით.

"სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს კონსტიტიცურიუ უფლების რეალიზება, ერთს მხრივ, და, მეორეს მხრივ, არ მისცეს შესაძლებლობა კრემლის მიერ მართულ ძალადობრივ ჯგუფებს, კონსტიტუციური წყობა შელახონ. ამიტომ ჩვენ ყველანი ვდგავართ პრაიდის ორგანიზატორების გვერდით", — განაცხადა მან.

შს მინისტრის პარლამენტში მისვლა სამნიძემ 23 ივნისს მოითხოვა. მან აღნიშნულზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს ოფიციალურად მისწერა.

მიხეილ სარჯველაძე On.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მას პრაიდის გამართვის საკითხზე შს მინისტრის პარლამენტში დაბარების თხოვნით მიმართეს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება დღეს დაიწყებოდა და შესაბამისად, ამ დროისთვის საკითხი გადაწყვეტილი ვერ იქნებოდა.

"თვითონ მან რა გითხრათ, ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ? არ გვქონია ჩვენ ერთმანეთში მოლაპარაკება, რომ 28 ივნისის კვირაში დავიწყებთ ამაზე მუშაობასო? არ უთქვამს ეს? სამწუხაროა. ასე ვიყავით შეთანხმებული. ეს წერილი ნამდვილად წინა კვირაში შემოვიდა, მაგრამ დასაზუსტებელი იყო, არ იყო აკურატულად შედგენილი. დააზუსტეს შემდეგ და ამის მერე გვქონდა მოლაპარაკება, რომ კვირაში დავიწყებთ მუშაობას, რათა შევთანხმდეთ, როგორ და რა ფორმატში ჩავატარებთ ამ შეხვედრას", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არ იცის, მოესწრება თუ არა მინისტრის მოსმენა პრაიდის კვირეულის დაწყებამდე, რადგან "ამის ვალდებულება არ არის, რომ მაინცდამაინც 5-მდე უნდა მოესწროს".

თბილისში პრაიდის კვირეული დღეიდან დაიწყო და 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. პრაიდის პარალელელურად ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს დაგეგმილი აქვთ კონტრაქცია და მარშის ჩაშლით იმუქრებიან.