რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა სადაც თქვა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-თან დაკავშირებით: "პირველ რიგში, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს. ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა ამ წუთში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი რამ სტრასბურგის სასამართლოს, მსგავსი ზომა არ გამოუყენებია არასდროს გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, ან საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ან ეხება ადამიანთა ექსტრადაციას. არასდროს, არცერთ ვითარებაში, არც საკუთრებასთან მიმართებით, არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით, სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია".

ნიკა გვარამიას თქმით, ეს არის პირველი, ისტორიული შემთხვევა და რუსთავი 2-ის საქმემ საფუძველი დაუდო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალ პრაქტიკას:

"პირველ რიგში, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომელიც უმძიმეს დღეშია ჩავარდნილი გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დამარხა მართლმსაჯულების სისტემა, რომელმაც დამარხა საქართველოში ადამიანის უფლებები, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლებების ნაწილში, რომელმაც დამარხა დემოკრატია, დაიბრუნოს სახე და მისცეს მოვლენებს თავისუფლად განვითარების შესაძლებლობა. პირველ რიგში, ეს არის შესაძლებელი ქვეყნის შიგნით არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია შესულია რუსთავი 2-სა და შპს საქართველოს სარჩელები და საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვთ უკვე პრაქტიკულად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას".

რუსთავი 2-ის დირექტორმა ასევე მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ კორპუსს, დადგნენ რუსთავი 2-ის გვერდით და გააკეთონ მხარდამჭერი განცხადებები.

ნიკა გვარამიას თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და არასამთავრობოებთან ერთად, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, რუსთავი 2-ის დასაცავად შეიკრიბონ 12 მარტს რუსთაველის გამზირზე.

ნიკა გვარამიას თქმით, 8 მარტამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გაერკვევა საქმეში, შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.