საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში Generation Equality Forum-ზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებს მიმართა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, "ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი უპირველესად ქალები არიან და ისინი ყველაზე მეტად ზარალდებიან".

"ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის და წინააღმდეგი ვართ სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის. დღეს მე აქ მათ წარმოვადგენ, რადგან ისინი ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არიან — ჩემი მოქალაქეები, და ისინი ყოველდღიურად ზარალდებიან", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ პანდემიისას ისინი კიდევ უფრო დაზარალდნენ, რადგან მათ არ აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისებსა და ვაქცინებზე, რასაც მათ საქართველო სთავაზობს.

"ამიტომ ისინი, რაღაც მხრივ, ორმაგად საზარელ მდგომარეობაში არიან. ქალები კონფლიქტის ზონაში ორმაგ ძალადობას განიცდიან, ვიდრე კაცები. ამიტომ, ეუთოს თავმჯდომარესთან ერთად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვედი, რომლებიც ყველა იმ რეგიონიდან იქნებიან, სადაც ისინი გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ამ ძალიან პირდაპირ ფორმას განიცდიან", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან ონლაინ ძალადობაზეც ისაუბრა და ამ კუთხით თავის გამოცდილებასაც გაუსვა ხაზი. ზურაბიშვილის თქმით, ონლაინ ძალადობა საარჩევნო კამპანიის დროს და მის შემდეგაც გამოიარა.