არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თამარ ჟვანის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებამ შეიძლება 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი.

NGO-ების ერთობლივი განცხადების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსებმა და მათზე რეაგირების ნაკლოვანმა პრაქტიკამ, აგრეთვე, საარჩევნო დავების არასათანადოდ განხილვამ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შეამცირა. მათივე თქმით, სწორედ აღიშნულმა განაპირობა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების საჭიროება, რაც ცესკოს წევრების მაღალი ლეგიტიმაციის საფუძველზე შერჩევას გულისხმობს.

"ამ ფონზე აუცილებელია ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და სხვა პროფესიული წევრების ვაკანტურ პოზიციებზე ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას გაზრდიან, რითაც საარჩევნო რეფორმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეეწყობა ხელი. ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მიუკერძოებელი კანდიდატურების შერჩევა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შორის მაქსიმალური კონსესუსის საფუძველზე მოხდეს", — ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, აუცილებელია, რომ განსაკუთრებით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაქსიმალურად ღიად და გამჭირვალედ წარიმართოს.

"მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა სწორედ საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ნდობაზე იქნება დამოკიდებული. ამ გზით ქვეყანა თავიდან აიცილებს ისეთ პოლიტიკურ კრიზისს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);
  • ღია საზოგადოების ფონდი.

დღეს, 30 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მან ახალი საარჩევნო რეგულაციებისთვის ფართო პოლიტიკური თანხმობის ხელშეწყობა დაასახელა.

ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ოპოზიცია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ითხოვდა. მას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებდნენ. თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ჟღერდებოდა ელჩების ფასილიტაციით გამართულ შეხვედრების პერიოდშიც.

გაიგე მეტი: