Microsoft აგრძელებს მინიშნებების სერიას იმის შესახებ, რომ Windows 11 ოქტომბერში გამოვა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა რამდენიმე მინიშნება პრეზენტაციის მიმდინარეობის დროსვე მოგვცა, სადაც Microsoft Teams-ში გაგზავნილი მესიჯი — "მოუთმენლად ველი ოქტომბერს და 11-ზე გადასვლას" ჩანდა.

მესიჯის ავტორი სტივ ბატიჩია, ის Surface მოწყობილობების ინჟინერია და მესიჯი პანოს პანაისთვის აქვს გაგზავნილი. შეტყობინება სავარაუდოდ Windows 11-ის ან ახალი Surface მოწყობილობის გამოსვლის თარიღზე მიგვანიშნებს, უკეთეს შემთხვევაში კი ორივეს ერთად ვიხილავთ.

ოფიციალურად მაიქროსოფტს ახალი ვინდოუსის გამოსვლის შესახებ არაფერი უთქვამს. თარიღი მიახლოებითაც კი არ გაჟღერებულა, თუმცა The Verge-ის წყაროების მიხედვით Windows 11 გამოსასვლელად მზად ოქტომბერში იქნება.

მაიქროსოფტის მინიშნებები 20 ოქტომბერზე აქტიურად მიგვითითებენ. თუ პრეზენტაციაზე ნაჩვენებ ფოტოებს დავაკვირდებით, დავინახავთ რომ თარიღი ყველგან 20 ოქტომბერია, დრო კი 11:11-ზე დგას.

Microsoft-ის გარდა მინიშნება Walmart-მაც მოგვცა.

საიტზე განთავსებული Lenovo Legion 5-ის აღწერაში Walmart წერს, რომ ლეპტოპი ოპერციული სისტემის განახლებას ოქტომბერში მიიღებს.