სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზად სასამართლო სისტემაში არსებულ მოუგვარებელ უმწვავეს ინსტიტუციურ პრობლემებს ასახელებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსმენაში მანამ არ ჩაერთვებიან, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა უზრუნველყოფილი არ იქნება.

"საქართველოს პარლამენტი გეგმავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატების განხილვის პროცედურა დაიწყოს, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის 17 ივნისს წარუდგინა. სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა", — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები უგულებელყო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა. მათივე თქმით, 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სწორედ ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე. მათი ნაწილი, სახალხო დამცველის შეფასებებით, კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელიც წარადგინა, თუმცა ახლადარჩეული მოსამართლეების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, სარჩელის განხილვის წინ ახალი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნულნა პირდაპირი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე და სწორედ ერთი ხმა გახდა გადამწყვეტი, რის გამოც სახალხო დამცველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

"ამის შემდგომ განხორციელებულმა უსისტემო საკანონმდებლო ცვლილებებმა აზრი დაკარგა. მაგალითად, 2020 წლის 30 სექტემბრის კანონით განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუმცა აღნიშნული ორგანო დღეის მდგომარეობით სრულადაა დაკომპლექტებული 2019 წლის დეკემბერში, უაღრესად პრობლემური და ნდობის არმქონე პროცესის შედეგად არჩეული მოსამართლეებით, რის გამოც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, ვეღარ სარგებლობს ნდობით და გასაჩივრების მექანიზმის არსებობას აზრს უკარგავს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2019 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, უკვე ორი წელია გასული და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია.

"დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ, ძირეულ რეფორმას, რაზეც, ასევე, საუბარია 2021 წლის 19 აპრილის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ შეთანხმებაში — "სამომავლო გზა საქართველოსათვის", — ამბობს ლომჯარია.

მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია, რის გამოც სახალხო დამცველი აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა გოჩიაშვილი. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან დადებითად აფასებს ქეთი მესხიშვილისა და ეკა ზარნაძის წარდგენას, თუმცა ამბობს, რომ ამ მოდელით უმრავლესობაში კვლავ ე.წ. კლანი რჩება, კარგი მოსამართლეები კი — უმცირესობაში.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.

ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.