ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კარგი იქნებოდა, თუ თამარ ჟვანია გადადგომამდე ოპოზიციისგან ბოდიშს მოისმენდა.

"კარგი იქნებოდა ჯერ მოესმინა ბოდიში ოპოზიციისგან, რომლებმაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად თვეების განმავლობაში შეურაცხყოფები აყენეს, დააბრალეს ბევრი ტყუილი და შემდეგ გადამდგარიყო, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამაში, ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა, პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED, რომელიც იყო ერთადერთი საპირწონე თითქოს და ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიას და მთლიანად ცესკოს სიმართლეს", — განაცხადა მდინარაძემ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო და თქვა, რომ ჟვანიას გადაწყვეტილება ესმის, ვინაიდან ამ თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და წნეხის ქვეშ იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადადგა. ფეისბუქპოსტზე ის წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

21 ივნისს პარლამენტში ყოფნინას თამარ ჟვანია ამბობდა, რომ "არსად წასვლას არ აპირებდა". აღნიშნული განცხადებიდან 9 დღის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გადადგა. თავის პოსტში ჟვანია აღნიშნავს, ამ თემაზე მედიასთან დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. მისივე თქმით, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.