პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის პარტიული სიით შესული ევროპელი სოციალისტები Tbilisi Pride-ის ღირსების მარშთან დაკავშირებით ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს და მას "პროპაგანდას უწოდებენ". გარდა ამისა, ღირსების მარშის არჩატარების საბაბად პარტიას კოვიდპანდემიაც მოაქვს.

"პოლიტიკური პარტია ევროპელი სოციალისტების წევრები ერთმნიშვნელოვნად პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, საპარლამენტო პარტია იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ზომებს გაატარებს, რათა "მშვიდობას, ერის ტრადიციულ, კულტურულ თვითმყოფადობას საფრთხე არ დაემუქროს".

Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.

გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.

თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.

ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.