პარლამენტის დეპუტატი და გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების გადასაფარად, სავარაუდოდ იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია.

"ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო არჩევნების შედეგების შენარჩუნება. ამის მიზეზი არის ინსტიტუციებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე, შესაბამისად იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რომელიც დღეს მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში, ქართულმა ოცნებამ იძულების ფორმით, სავარაუდოდ, გადააყენა თამარ ჟვანია", — განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადადგა. ფეისბუქპოსტზე ის წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

21 ივნისს პარლამენტში ყოფნინას თამარ ჟვანია ამბობდა, რომ "არსად წასვლას არ აპირებდა". აღნიშნული განცხადებიდან 9 დღის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გადადგა. თავის პოსტში ჟვანია აღნიშნავს, ამ თემაზე მედიასთან დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. მისივე თქმით, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.