საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურებისთვის კაცს 11 წელი მიუსაჯეს. უწყების ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა. სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს", — აცხადებს პროკურატურა.

მათივე ინფორმაციით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.