რამდენიმეწლიანი სპეკულაციებისა და განხილვების შემდეგ ბრიტნი სპირსი სასამართლოზე წარსდგა და თავის მდგომარეობაზე საჯაროდ და გულწრფელად ისაუბრა: მომღერალმა აღიარა, რომ ტრავმირებულია, ახლობელი ადამიანები ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული მეურვეობის დასრულება მოითხოვა.

ბრიტნი სპირსი 2008 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო კანონიერი მეურვეობის ქვეშაა: ცამეტი წელი მის პირად ცხოვრებას, კარიერასა და ფინანსებს მამამისი განკარგავდა. ბოლო წლებში ბრიტნის ფანების მონდომებით ინტერნეტში შეიქმნა მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის), რომლის მხარდამჭერებიც ამბობდნენ, რომ ბრიტნი მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო და მისი თავისუფლება უსაფუძვლოდ იყო შეზღუდული.

სასამართლოზე მომღერალმა ეს მოსაზრებები დაადასტურა: მაგალითად, მისი თქმით, თურმე უკრძალავდნენ შვილის გაჩენას, წამლებით აბრუებდნენ და მამამისი სასამართლოს მიერ მინიჭებული მეურვის უფლებებს ბოროტად იყენებდა. "ეს მეურვეობა ძალადობრივია. ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა", — განაცხადა ბრიტნიმ.

ამ შოკისმომგვრელმა მოვლენებმა ბევრს ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის Black Mirror (შავი სარკე) ერთი ეპიზოდი გაახსენა.

უფრო კონკრეტულად, შავის სარკის მეხუთე სეზონის მესამე სერია, სახელწოდებით Rachel, Jack and Ashley Too (რეიჩელი, ჯეკი და ეშლიც), რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს მომღერალი მაილი საირუსი ასრულებს.

ამ ეპიზოდის სიუჟეტი პოპმომღერალ ეშლი ოზე (მაილი საირუსი) მოგვითხრობს, რომელიც ძალიან წარმატებული ვარსკვლავია, მაგრამ მის ცხოვრებას დეიდამისი განკარგავს — მისი პირადი მენეჯერი.

სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა ირკვევა, რომ ეშლის პირადი მენეჯერი უფრო მეტი კონტროლის დამყარებას ცდილობს მასზე: აიძულებს სიმღერას მაშინ, როცა ეს თავად არ უნდა, მის ყოველ ნაბიჯს განკარგავს და თუ მის მითითებებს არ გაითვალისწინებს, წამლებით აბრუებს.

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

როცა ყველაფერი იქამდე მივა, რომ ეშლი უფრო დიდი წინააღმდეგობის გაწევას მოინდომებს, რათა გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს, მას ხელოვნურად აგდებენ კომაში, მისი შემოქმედებით კი ფინანსურ სარგებელს დეიდამისი და მასთან დახლოებული პირები იღებენ.

სერიის ბოლოს ეშლის ფანები გადაარჩენენ ისე, როგორც ეს ბრიტნის შემთხვევაში მოხდა გარკვეულწილად: #თავისუფლებაბრიტნის მოძრაობა სწორედ მომღერლის ერთგულმა მსმენელებმა დაიწყეს და წლების განმავლობაში ცდილობდნენ, საზოგადოების ყურადღება ამ შემთხვევისკენ მიემართათ.

აღსანიშნავია, რომ მალი საირუსიც ერთ-ერთია, ვინც ამ მოძრაობას ღიად უჭერდა მხარს.

იმედია, იმ ყველაფრის შემდეგ, რისი გამოვლაც მოუწია, ბრიტნიც მიიღებს თავის დამსახურებულ ბედნიერ დასასრულს, როგორც ეს შავი სარკის ეპიზოდში მოხდა.

ასევე იხილეთ: