იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში სახურავიდან წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანებული ფრესკები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ეს პროცესები ახლაც გრძელდება. თუმცა, როგორც აცხადებენ, სწორი მიდგომების შემთხვევაში პროცესების შეჩერება შესაძლებელია. ამის შესახებ იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა, გელათის 5-დღიანი დათვალიერების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

"სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო, წყლის ინფილტრაცია დღეის მდგომარეობითაც გრძელდება, რაც იწვევს დაზიანებას. ჩვენ ამ ეტაპზე ვსწავლობთ მდგომარეობას, რომ დავსვათ დიაგნოზი, რატომ ხდება წყლის ინფილტრაცია. ამ ეტაპზე ვსწავლობთ, ცვლილებების დროს სად იყო შეცდომა დაშვებული. ფრესკები, რომლებიც არის ეკლესიის შიგნით, არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რაღაც, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. ჩვენი სურვილია, რომ ჩავერიოთ, რაც შეიძლება, ნაკლები ხარისხით, მაგრამ ამის განსახორცილებლად გვჭირდება ბევრი კვლევის ჩატარება და ბევრი ანალიზი. ამ ეტაპზე კრამიტის ნიმუში და ყველანაირი ნიმუში, რაც გადახურვაში იღებს მონაწილეობას, მიგვაქვს იტალიაში. ჩატარდება კვლევა და უნდა მივაკვლიოთ გამოსავალს", — განაცხადა იუნესკოს ექსპერტმა უგო ტონიეტიმ [პირველი არხის თარგმანი].

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პირველადი შეფასებით, პრობლემა შენობაში წყლის ჩასვლამ გამოიწვია და შემდეგ უკვე პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა. თუმცა, იმედოვნებენ, რომ გელათის გადასარჩენად გამოსავალს იპოვნიან.

"ჩვენ ორმოცწლიანი გამოცდილება გვაქვს კონსერვაციის და რესტავრაციის საკითხში. ვფიქრობთ, რომ პრობლემების შექმნის მთავარი მიზეზი იყო სახურავიდან წყლის ჩასვლა მონასტრის შიგნით, რამაც გამოიწვია მარილების მოძრაობა კედლებში, დააზიანა საღებავი, სხვადასხვა ფენები ფხვიერი გახდა. ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება. სწორი მიდგომის შემთხვევაში, შევაჩერებთ ამ პროცესს", — განაცხადა იუნესკოს ექსპერტმა, ვინჩენცო ჩენტანიმ.

ექპერტები იტალიაში ხვალ გაემგზავრებიან, სადაც იმსჯელებენ, თუ რა რეკომენდაციები შეიმუშაონ იმისთვის, რომ გელათის ფერწერა გადარჩეს. მათი ვარაუდით, რეკომენდაციები ივლისის შუა რიცხვებისთვის იქნება მზად.