ბრიტანელმა ჩოგბურთელმა და უიმბლდონის 2-გზის ჩემპიონმა ენდი მარიმ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. ენდი მარიმ ორი სეტი ანგარიშით 6:4, 6:3 მოიგო, ხოლო მესამე, დაძაბულ და ხანგრძლივ სეტში სეტში მას ქართველმა ჩოგბურთელმა სძლია, ანგარიშით 5:7.

შესვენების შემდეგ გამართული მეოთხე სეტი მარის გამარჯვებით, 6:3 დასრულდა.

ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელად აღიარებული ენდი მარი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ამ შეხვედრით დაბრუნდა ჩოგბურთში. ამ დროისთვის 34 წლის ბრიტანელი სპორტსმენი მსოფლიოს რიგით 118-ე ჩოგანია, ხოლო ბასილაშვილი იგივე სიაში 28-ე ადგილს იკავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ენდი მარის დაპირისპირება უიმბლდონზე.

ფოტო: Wimbledon / Twitter

შეხვედრამდე 2 დღით ადრე სამი სლემის მფლობელმა ჩოგბურთელმა პრესკონფერენციაზე ბასილაშვილის საქმეზე კითხვებსაც უპასუხა. მისი განცხადებით, ოჯახში ძალადობის ბრალდებების შემთხვევაში ჩოგბურთელების მიმართ გარკვეული პროტოკოლები უნდა არსებობდეს.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობდა ის თავის მოწინააღმდეგეზე და ასეთი ბრალდებების დროს სპორტსმენები უნდა ჩამოშორდნენ თუ არა შეჯიბრებებს.

"ამ საკითხის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე, როცა კითხვა მის და ზვერევის შესახებ დამისვეს. ჩემი აზრით, ასეთი ბრალდებების შემთხვევებში უნდა არსებობდეს პროტოკოლი და პროცედურები. ზუსტად არ ვიცი, პროცესების შინაარსი, მაგრამ რაც გავიგე, ეს ყველაფერი კარგი არ არის. ჩემი აზრით, ATP-მ [პროფესიული ჩოგბურთის ასოციაცია], მმართველმა ორგანოებმა, ITF-მ [ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია] და სლემებმა უნდა შეიმუშაონ პროცედურები", — განაცხადა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა.

ჩოგბურთელების მიმართ ძალადობის ბრალდებებს ენდი მარი წარსულშიც გამოხმაურებია. 2020 წელს გერმანელი ჩოგბურთელი, ალექსანდერ ზვერევი ყოფილმა შეყვარებულმა ხანგრძლივ ძალადობაში დაადანაშაულა. სპორტსმენმა ბრალდებები უარყო და უსაფუძვლო უწოდა. მაშინ ენდი მარიმ განაცხადა, რომ ATP-მ ოჯახში ძალადობის საკითხებს სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებით ის გასული წლის მაისში დააკავეს. ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.