პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტის რამდენიმე პაკეტზე კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 28 ივნისს გაიმართა.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ერთ-ერთი პუნქტია. კერძოდ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამოვლინდა რიგი საკითხები, რომელთა გამოსწორებაც საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვას მოითხოვს.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება არაერთ საკითხს შეეხება. მათ შორის, ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც ფინანსური, ასევე შინაარსობრივი საქმიანობა საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, როგორც პლენარულ სხდომაზე პროექტის მომხსენებელმა, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებზე 40%-იანი ბარიერი დაწესდება.

ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს აღებას ექვემდებარება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება და ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

კანონპროექტში გათვალისწინებულია ცესკოს შემადგენლობა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნის არჩევის წესიც. ცესკოს 7 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრისა ინიშნება პარტიების მიერ ამ კანონით დადგენილი წესით. აქ განსაზღვრულია საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტებისა და ხმების გადათვლის საკითხებიც.

პროექტში გათვალისწინებული რამდენიმე მუხლი მესამე მოსმენისთვის გადაიდო. მათ შორის, ის მუხლი, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს შემადგენლობას და ასევე, ორი დანართი, რომელიც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, რაოდენობებს და საზღვრებს.

გარდა ამისა, თვითმმართველობის არჩევნების თარიღი, საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრა და თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

3 მაისს ვენეციის კომისისამ და ODIHR-მა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გაკეთებული პოზიტიური წინადადებების მიუხედავად, საქართველოში საარჩევნო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის გასაზრდელად უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმაა საჭირო.