ბოტანია ახალი ქართულ-ევროპული რესტორანია, რომლის დამფუძნებლებიც ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ყველასთვის ნაცნობ სარესტორნო კონცეფციას ახალ, ამბიციურ მასშტაბში განიხილავენ. ბოტანიას შექმნა ამ ბიზნესისგან შორს მდგომი, საბანკო სფეროში გამოცდილების მქონე მეგობრების ერთობლივი იდეა იყო. გამოცდილების ნაკლებობას ხელი არ შეუშლია დამფუძნებლებისთვის, რომ თავიდანვე ამბიციურ იდეას შეჭიდებოდნენ, პირიქით, ამ სფეროში ახალბედობა უსარგებლო შიშისაგან ათავისუფლებდათ:

"მიზნად დავისახეთ ისეთი ბრენდის შექმნა, რომლის მთავარი იდეაც ადამიანის, მისთვის სასურველი დროით, მაქსიმალური კომფორტის ზონაში ყოფნა იქნებოდა. ჩვენი კერძები ბუნებრივია, მარტივი და, ამასთანავე, ძალიან დახვეწილი. კონცეფციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სწორი ბალანსია. ქართულ სამზარეულოს, ქართულ გემოებსა და ევროპულ კულინარიას შორის მაქსიმალური თანხმობის მიღწევას ვცდილობთ. ეს არის ნებისმიერის, ადგილობრივისა თუ უცხოელის რეცეპტორებზე მორგებული ქართულ-ევროპული სამზარეულო. მაქსიმალური სიმარტივის, დახვეწილობისა და სხვადასხვა სამზარეულოსა და კულტურის ბალანსის სახალისო ნიმუშად ჩვენი ერთ-ერთი კერძი გამოდგება. ესაა გამომცხვარი კვერცხი ლორსა და ყველში, მოცარელათი. ინგრედინეტებიდან გამომდინარე ეს, ერთი შეხედვით, თბილისური “ჩიჟი-პიჟი” უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს რესტორანში ამ კერძს გათანამედროვებული და დახვეწილი სახითა და დაბალანსებული გემოთი მოგართმევენ", — ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი, ქეთევან ორველაშვილი.

ძველი გემოების ახლებური ინტერპრეტაცია, შინაურული, ბავშვობიდან ნაცნობი კერძების თანამედროვე ვერსიები, ესაა ბოტანიას ამბიცია, რომელსაც თუკი ამ ახლადგახსნილი რესტორნის პოპულარობისა და სტუმრიანობის მიხედვით ვიმსჯელებთ, რეალური საფუძველი გააჩნია. აქ სერვირება, დოზები, პროპორციები გასტრონომიულად იდეალურადაა გამართული. ამჟამად ობიექტის კერძების მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ბოტანიას შეფი ანუკი ბოლოთაშვილი ზრუნავს, ის გახსნის დღიდან მონაწილეობს ბრენდის ფორმირებაში.

რესტორნის გარემოც საერთო კონცეფციის ნაწილია. ეს გარემო ხანგრძლივი, ღრმა დიზაინერული გააზრებისა და გულმოდგინედ მუშაობის ნაყოფია. ინტერიერი, განათება, ფერები, ყველაფერი მაქსიმალურად მშვიდია.

"გვინდოდა, ჩვენს სტუმრებს შექმნოდათ მკაფიო შთაბეჭდილება, თუ რა ტიპის რესტორანში მოხვდნენ. ეს არ არის "საქეიფო" ადგილი, აქ შეგიძლია დღის ნებისმიერ დროს, სასაუზმოდ, სასადილოდ, სავახშმოდ მოხვიდე და მშვიდ, უხმაურო გარემოში მიირთვა. დღევანდელ ქართულ რესტორნებში ერთგვარი მოდაა ძველი ქართული ატმოსფეროს შექმნაზე, მაგრამ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ჩვენთან, ისევე როგორც კერძების შემთხვევაში, ბალანსია მნიშვნელოვანი. "ბოტანიაში" იცი, რომ ქართულ გარემოში ხარ, მაგრამ ამასთანავე, აქაურობამ შეიძლება ფრანგული ან იტალიური რესტორნის ინტერიერის ასოციაცია გამოიწვიოს. ესეც განგებ, გააზრებულად გავაკეთეთ".

აქ მიმტანებს, რომლებიც, სურვილის შემთხვევაში, რესტორნის კლიენტებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ, მასპინძლებს უწოდებენ, კლიენტები კი საპატიო სტუმრის პრივილეგიით სარგებლობენ. საბანკო სფეროში გამოცდილება აქაც სასარგებლოდ ტრანსფორმირდა – ბოტანიაში ფოკუსი მუდამ კლიენტზე და მის მოთხოვნაზე, მისთვის მაქსიმალური სიმშვიდისა და კომფორტის განცდის შექმნაზეა.

ბოტანია სულ ახლახანს შეუდგა საქმიანობას, თუმცაღა სტუმრების მრავალფეროვნებასა და სიმრავლეს არ უჩივის. კონცეფციასთან ერთად, სამომავლო გეგმებიც ამბიციური აქვთ.

"ჯერჯერობით თიბისისთან მხოლოდ საოპერაციო თვალსაზრისით ვთანამშროლობთ, მაგრამ მომავალში გვეგმავთ ობიექტების დამატებას და ამ შემთხვევაში ბანკთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის იმედი გვაქვს. გვინდა მიტანის სერვისის ამუშავება და ამ სერვისში ისეთი საკვების, მაგალითად, ევროპული ღვეზელების დამატება, რომლებიც რესტორნის მენიუში არ გვაქვს. კიდევ ბევრ სიახლეა, რომლის განხორციელებაც გვინდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრენდული განვითარება სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს და, ამ შემთხვევაში, თიბისის მსგავსი სანდო დასაყრდენი ნამდვილად საჭიროა", — ამბობს ქეთევან ორველაშვილი.