სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მივიდა. მისი თქმით, ამჟამად პირველი ეტაპი პანსიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა.

"ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ასევე, გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგიც იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი, რომ გავესაუბროთ და ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც. პირველ რიგში, ალბათ შეხვედრა გვექნება პანსიონის ხელმძღვანელობასთან, მეუფე იაკობი ვიცი, რომ ადგილზეა, შემდეგ, ასევე, უკვე ვაპირებთ, ვნახოთ რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროებების შეფასებებთან დაკავშირებით, რას აკეთებენ სოციალური მუშაკები, რომლებიც როგორც ვიცით, აქ 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან", — აცხადებს ომბუდსმენი.

ინფორმაცია იმაზე, რომ ლომჯარია პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად ჩავიდოდა 17 ივნისს გავრცელდა, ეს ომბუდსმენმა მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის ჩატარებისთვის შეშვებას რამდენიმე თვე ითხოვდა. პანსიონის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების შეშვებაზე უარს აცხადებდა და ჰომოფობიურ მიზეზებსაც ასახელებდა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ პანსიონში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობაც ფიქსირდება, რასაც ყოფილი თუ ამჟამინდელი აღსაზრდელები ადასტურებენ. საპატრიარქოში პანსიონის მიმართ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ გადაცდომები იყო, მედიაში ის უტრირებულად გაშუქდა.

გამოძიების დასრულებამდე პანსიონიდან ბავშვების გაყვანის მოთხოვნით სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებების მიმართა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბოლო ინფორმაციით, დაწესებულებიდან უკვე გაყვანილია 30 ბავშვი და კიდევ 23 ადგილზე რჩება.

13 ივნისს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სასულიერო პირები ევროკავშირის ელჩთან და ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონზე მსჯელობდნენ.

შეხვედრის შემდეგ ყველა მხარემ განაცხადა, რომ მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა და ამაზე თანხმდებიან. ითქვა ისიც, რომ საჭიროა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების გაყვანა და ამაზეც საერთო აზრზე არიან, თუმცა გაურკვეველი დარჩა, იხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი. საპატრიარქოს პრესსპიკერის თქმით, "დახურვაზე არ არის საუბარი", ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კი დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვის ვალდებულებაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პანსიონი იხურება, ასე უპასუხა:

"ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბება... გამოდის პრინციპში, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. დღესაც ამ პროცესებს ჩვენ ვაგრძელებთ".

შეხვედრიდან ერთ დღეში ცნობილი გახდა, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება და ის ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.