მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი მიტოვებული სოფელი ჩეხეთში, ლიბერეცში გამართული ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის, ANIFILM-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ანიმაციურმა ფილმმა ჯილდო არანარატიული და აბსტრაქტული ფილმების კატეგორიაში მოიპოვა.

მიტოვებული სოფელი მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციური ფილმია, რომელიც კინოსტუდია კვალი XXI-ის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქართული ფილმი — აფხაზეთის მხარდაჭერით შეიქმნა. ანიმაციური ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკია.

მიტოვებული სოფლის პრემიერა 2020 წელს იაპონიაში, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ანიმაციურმა ფილმმა მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდოც მიიღო.

ფოტო: Film Studio Kvali XXI

ჰოკაიდოს ფესტივალის შემდეგ ანიმაციურ ფილმს ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ჰოკაიდოში წარმატებული დებიუტის შემდეგ, მიტოვებული სოფელი სლოვენიაში, საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალ Animateka-სა და საფრანგეთის ქალაქ ანსიში გამართულ ფესტივალზეც წარსდგა.

საერთაშორისო წარმატების მოპოვების შემდეგ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ქართული ანიმაციური ფილმების მდიდარ ისტორიას მიტოვებული სოფელი ღირსეულად აგრძელებს.

ამავე თემაზე:

მარიამ კაპანაძის ანიმაციურ ფილმს ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს.