ფონდ ღია საზოგადოება - საქართველო მზადაა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტების სტრასბურგში გამგზავრება დააფინანსოს. არხის იურისტები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაჩერებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადის შეტანას გეგმავენ.

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში შემაშფოთებელი უწოდა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც დიდი პალატის ცხრავე წევრმა გუშინ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას მიაკუთვნა. მისი თქმით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება რომ ვიზალიბერალიზაციამდე მიეღო საქართველოს მოქალაქეების ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლების მიღება შეყოვნდებოდა.

“შემაშფოთებელია, რომ სასამართლოს ერთი დღე დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. რუსთავი 2 ერთადერთი არ არის, რომელიც გარკვეული ზეწოლის და რთული პროცესების შუაგულში იმყოფება. მსგავსი პროცესები დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. მიმდინარე მოვლენები გვაძლევს საშუალებას იმის თქმის საშუალებას, რომ პროცესები მართულია. ავტოკრატიული რეჟიმისკენ მიდრეკილებას უკვე ვხედავ,“ - განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

მისი თქმით, ცინიზმია, როცა ვიზალიბერალიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებისა და ხელმოწერის მეორე დღესვე ქვეყანაში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება.