საქართველოში ვიზიტით მყოფი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ბორდერიზაცია მიუღებელია და აღნიშნა, რომ შეშფოთების საგანია. მან, ასევე, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ გახელაძე დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

"განგრძობად ბორდერიზაცია ნამდვილად უნდა გვაღელვებდეს. მარტივად რომ ვთქვა, ეს მიუღებელია. კეთდება მავთულხლართები, რომლებიც არ არის დროებითი. ეს პროცესი Covid-19-ის პანდემიის დროს უფრო გაძლიერდა და უნდა დავინახოთ, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაზე ზემოქმედებს", — განაცხადა შალენბერგმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის თაობაზე გამართულ შემაჯამებელ, საერთო პრესკონფერენციაზე.

საერთო პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები როგორც საქართველოდან, ასევე, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის მანდატით, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი მიმდინარეობს, რომელიც სამი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრას მოიცავს. ბოგდან აურესკუ, ალექსანდერ შალენბერგი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი დღეს, 26 ივნისს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ.