ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ევროპაში ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა მისივე თქმით, მეგობრებსაც აქვთ მოთხოვნების სია, რომელიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველომაც უნდა დააკმაყოფილოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის თაობაზე გამართულ შემაჯამებელ, საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს ყოველთვის უჭერდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ევროპის კარი ღია უნდა იყოს. ჩვენ გვქონდა ეს პირობა, ჩვენ გავატარეთ რეფორმები, რაც გვჭირდებოდა და შედეგად გავწევრიანდით. ვფიქრობთ, მსგავსი წესი ყველასთვის უნდა მოქმედებდეს. საქართველომაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ რეფორმების გზა განაგრძოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბევრი მეგობარი გყავთ, ამ მეგობრებსაც აქვთ მოთხოვნების სია, რომელიც უნდა შესრულდეს. ამიტომ, გთხოვთ, გააგრძელეთ ეს გზა და ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ მომავალში დაგეხმაროთ", — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საერთო პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები როგორც საქართველოდან, ასევე, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის მანდატით, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი მიმდინარეობს, რომელიც სამი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრას მოიცავს. ბოგდან აურესკუ, ალექსანდერ შალენბერგი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი დღეს, 26 ივნისს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ.