გუშინ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები და მხარდამჭერები გენდერის კვირეულის აღსანიშნავად შეიკრიბებნენ.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანიის მონაწილე მამაკაცებმა შეახსენეს საზოგადოებას, რომ გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ღონისძიებას კამპანიის ასამდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის: პოლიტიკოსები, სპორტსმენები, მწერლები, სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები.

ფოტო: UNFPA

ფოტო: UNFPA

ფოტო: ვანო შლამოვი

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილს სკოტმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და კამპანიის აქტივისტებმა: მირიან ჯუღელმა და სანდრო სულაქველიძემ.

"ჩვენ - მამაკაცები, მამები და მომავალი მამები - უზრუნველვყოფთ ჩვენი შვილების მენტალობის სწორად ჩამოყალიბებას, ვქმნით ბედნიერებას, რომ მათ თავი იგრძნონ კომფორტულად არა მარტო საკუთარი ოჯახების და გარემოს წიაღში, არამედ საზოგადოებაში, რომელშიც უნდა შეაბიჯონ. ოჯახის უფროსი პირველ რიგში არა მხოლოდ ქალი, არა მხოლოდ მამაკაცია - ეს არის სიყვარული და ურთიერთგაგება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავარია ვაღიაროთ ის ფაქტი, დავინახოთ ის პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყანაში და საზოგადოებაშია და მე მიხარია, რომ დღეს ზუსტად ჩვენ აქ ვართ შეკრებილი რომ ამ თემაზე ღიად ვისაუბროთ. მე მივესალმები კიდევ ერთხელ ამ წამოწყებას, ამ პროექტის განხორციელებას და მინდა დაგიგასტუროთ ჩემი მხარდაჭერა, როგორც რიგითი მოქალაქის, როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერის.", - თქვა კახი კალაძემ.

ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა: მშობლების თანაბარი ჩართულობა შვილის აღზრდაში, მამობა, დეკრეტული შვებულების პოპულარიზაცია მამაკაცებს შორის და სხვა.

კამპანია "კაცები ზრუნავენ" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში. კამპანია ეფუძნება ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს.

მამაკაცთა მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. არსებული სოციალური ნორმები კვლევებითაც დასტურდება: 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის "კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში" მიხედვით მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში დავლების მომზადებაში ყოველდღიურად ჩართული კაცების ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება.

კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას.