რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ მოუწოდა, ტრიბუნიდან ღირსების მარშის მონაწილეებს მისცეს გარანტია, რომ სახელმწიფო მათ დაიცავს.

"ადამიანის უფლებებზე საუბრობდით. 5 ივლისს დაგეგმილია ღირსების მარში, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან უამრავი, ძალიან სახიფათო განცხადება კეთდება. მინდა, რომ თქვენ ამ მნიშვნელოვანი ტრიბუნიდან თითოეულ ადამიანს მისცეთ გარანტია, რომ ისინი დაცულები იქნებიან ამ დროს და ის მუქარები, რომლებიც ისმის ვერაფერს დააკლებს ამ ადამიანებს და პირველ რიგში დაიცავთ კონსტიტუციას. თუ შეიძლება ამ ტრიბუნიდან თქვენი პირადი დამოკიდებულება და მზაობა, რომ დაიცავს სახელმწიფო ადამიანებს, გვითხრათ", — განაცხადა სამნიძემ.

Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადას აძლევს.

გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.

თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართბელი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.

ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.