ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჰკითხა, თუ რატომ დაისაჯნენ ის მოქალაქეები, რომლებმა კოვიდრეგულაციებზე დაწესებული ჯარიმები გადაიხადეს.

"რა დაგიშავათ იმ ჩვენმა პატიოსანმა, კეთილსინდისიერმა და კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, რომლებმაც დაჯარიმების შემდეგ ადგნენ, წავიდნენ და ეს თანხა ისესხეს, იმიტომ, რომ ჯარიმები საკმაოდ სოლიდური იყო და გადაიხადეს. მაინტერესებს, რატომ ისჯება ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება", — განაცხადა უდუმაშვილმა.

24 ივნისს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაწესებული გადაუხდელი ჯარიმები გაუქმდება. ღარიბაშვილის თქმით, საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მლნ ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.