დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში დელტა შტამის 20 დადასტურებული შემთხვევაა. თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანაში ინფიცირებულთა დაახლოებით 15-20% უკვე ამ შტამს მიეკუთვნება.

"ჩვენთან უკვე ძალიან შემცირდა ტრადიციული უხანის შტამი და ყველა შეფასებითი მაჩვენებლით, ძირითადად ბრიტანული დომინირებს. გვაქვს 20 დადასტურებული შემთხვევა დელტა შტამის, ანუ ინდურის და 1 შემთხვევა იყო ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის. ჩვენი შეფასებით, ქვეყანაში სადღაც 15-20% უკვე ცირკულირებს დელტა შტამი, ანუ ე.წ. ინდური შტამი, დანარჩენი გახლავთ ბრიტანული შტამი", — ამბობს გამყრელიძე.

მან აღნიშნა, რომ დიდია ალბათობა, ეს შტამი დომინანტი გახდეს და მომავალი ერთი თვის განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი იყოს ცირკულაციაში. გამყრელიძის თქმით, დელტა შტამის სიმპტომები განსხვავებული არ არის, თუმცა შედარებით მარტივად ვრცელდება ახალგაზრდა ასაკში.

მან მოსახლეობას მოუწოდა ვაქცინაციისკენ, როგორც კი ივლისში ახალი დოზები შემოვა.

"თუ ყველა ავიცრებით, მაშინ ვერც ინდური შტამი მოგერევათ და ვერც სხვა ახალი შტამები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს. ეს ვირუსი ებრძვის ადამიანს, საზოგადოებას, ხდება მუდმივად მუტაცია და არ არის გამორიცხული, სხვა დიდ პოპულაციებში სხვადასხვა მუტირებული შტამის ჩამოყალიბება. ამის პრევენცია და წინასწარმეტყველება ძალიან რთულია", — თქვა გამყრელიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ დაასწრებს დელტა შტამის გავრცელება საყოველთაო ვაქცინაციას, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ მისი გათვლებით, არ დაასწრებს