საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ. ღარიბაშვილის თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, ოჯახებს რომელთაც შვილი შეეძინებათ, საშუალება ექნებათ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლონ და ამით საცხოვრებელი პირობები შეიქმნან/გაიუმჯობესონ.

"რაც მთავარია, ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით", — განაცხადა პრემიერმინისტრმა პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება.