მეცნიერებმა თავის ქალას ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანის აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნის. აღმოჩენა ისრაელში გაკეთდა.

ნეანდერტალელისა და არქაული ადამიანის მახასიათებლების კომბინაციით, ლევანტში აღმოჩენილ ამ "ჰომოს" ახალმა ჯგუფმა შეიძლება შეარყიოს ძველი ვარაუდი ჩვენი "საგვარეულო ხის" შესახებ და მეტი გვითხრას ნეანდერტალელების წარმოშობაზე. მიიჩნევა, რომ ნეანდერტალელები — არქაული ადამიანების გადაშენებული სახეობა ან ქვესახეობა, რომელიც ევრაზიაში ცხოვრობდა დაახლოებით 40 000 წლის წინ — წარმოიშვა და ცხოვრობდა ევროპაში თანამედროვე ადამიანების გამოჩენამდე.

თუმცა, ახლა ბოლოდროინდელმა გენეტიკურმა მტკიცებულებებმა ამ იდეაში ეჭვი შეიტანა იმით, რომ ის მიუთითებს უცნობი არაევროპული ჯგუფის არსებობაზე, რომელმაც შესაძლოა დიდი როლი ითამაშა ნეანდერტალელების გაჩენაში.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ ორ ერთობლივ კვლევაში (აქ და აქ), თელ ავივის უნივერსიტეტისა და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ნეშერ რამლა — "ჰომოს" ახალი აღმოჩენილი სახეობა, შესაძლოა, იყოს "დაკარგული რგოლი".

ფოტო: Tel Aviv University

ქალაქ რამლას მახლობლად მდებარე ადგილზე, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თავის ქალის ნაწილობრივი ნაშთები, რომელიც მიეკუთვნებოდა ჰომოს გვარის წევრს. თავის ქალას ნაწილთან ერთად აღმოჩენილია ყბების ნაწილები და ზოგიერთი კბილი. იქვე იყო ცხოველების ძვლების ნარჩენები და კაჟის იარაღები. ამ ნაწილების სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ახლად აღმოჩენილი ჰომო კბილებით და ყბებით ნეანდერტალელებთან არის დაკავშირებული, ხოლო თავის ქალით უფრო არქაულ ადამიანთან.

მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ეს არის ჰომოების ახალი ჯგუფი, თავისი მკაფიო თვისებებით და მახასიათებლებით, რომელიც ლევანტში ცხოვრობდა 400 000-დან 120 000 წლის წინ.

"ნამარხებთან დაკავშირებული არქეოლოგიური აღმოჩენები აჩვენებს, რომ "ნეშერ რამლა ჰომო" ფლობდა ქვის იარაღის წარმოების მოწინავე ტექნოლოგიებს და, სავარაუდოდ, კავშირშია ადგილობრივ ჰომო საპიენსთან. ეს სრულიად ახალი და გამოაგნებელი აღმოჩენაა", — ამის შესახებ განცხადება გააკეთა ებრაულ უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის კვლევის ავტორმა, დოქტორმა იოსი ზაიდნერმა.

მკვლევრების გუნდი მიიჩნევს, რომ ნეშერ რამლა ჰომო სხვა ჰომო სახეობების წინაპარი იყო, ჯგუფის ზოგიერთი წევრი მიგრაციაში წავიდა ევროპაში, სადაც ისინი საბოლოოდ ნეანდერტალელებად ჩამოყალიბდნენ. დანარჩენები კი აზიაში გადასახლდნენ და ამით "ჰომოთა" ახალ გვარს ჩაუყარეს საფუძველი.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.