დიდხნიანი დუმილის შემდეგ, ბრიტნი სპირსი პირველად წარსდგა სასამართლოს წინაშე მოწმის სახით და განაცხადა, რომ მეურვეობის დასრულება სურს.

სასამართლო პროცესის შემდეგ ბრიტნიმ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულწრფელად ისაუბრა თავის მდგომარეობაზე.

"ამაზე ადრე არ ვსაუბრობდი, რადგან მრცხვენოდა მომეყოლა, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს", — წერს მომღერალი.

პოსტს თან ახლავს ფოტო, რომლის წარწერაც ზღაპრების მნიშვნელობაზე საუბრობს. მომღერლის თქმით, ისიც ცდილობდა თავისი ცხოვრება, როგორც ზღაპარი ისე ეჩვენებინა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო.

"ჩვენ, ადამიანებს მუდამ გვსურს ზღაპარში ცხოვრება და ჩემი პოსტებიდანაც ჩანდა, რომ თითქოს მართლაც ზღაპარში ვცხოვრობდი. ეს დედაჩემის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იყო. ჩემს ბავშვობაში, როცა ცუდი დღე ჰქონდა, ჩემი და ჩემი ძმის გამო ყოველთვის თავს იკატუნებდა თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ახლა, ამაზე ვსაუბრობ, რადგან არ მინდა ხალხმა იფიქროს, თითქოს კარგად ვარ, როცა სინამდვილეში საერთოდ არ ვარ კარგად. თუკი ახალ ამბებს თვალს ადევნებთ, ეს თქვენც იცით"

ამბობს მომღერალი.

მომღერალმა ფანებს ბოდიში მოუხადა, რადგან ამ დროის განმავლობაში თავს აჩვენებდა თითქოს კარგად იყო. მაგრამ ისიც დაამატა, რომ ინსტაგრამი მას დაეხმარა კიდეც. რადგან შეეძლო საკუთარი არსებობის გაზიარება და ამით ის თავს არწმუნებდა, რომ ხალხისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა.

პოსტზე კომენტარები გათიშულია, ამიტომ ინსტაგრამის მომხმარებლებს პასუხის გაცემის საშუალება არ აქვთ, მაგრამ აშკარაა, რომ ბრიტნის უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს.

სასამართლოს მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუმცა ფანები კვლავ აგრძელებენ ბრიტნის მხარდაჭერას. ისინი აქციებს აწყობენ და სასწრაფოდ მეურვეობის მოხნას მოითხოვენ. თავის მხრივ მომღერლის მამა ამბობს, რომ ქალიშვილი ძალიან ენატრება და მისთვის ტკივილის მიყენება არ სურს.