შეიძლება, ვინმეს ეგონა, რომ 15 წლის, 15 სეზონისა და 300-ზე მეტი სერიის შემდეგ Supernatural-ს (ზებუნებრივი) 2020 წელს დაემშვიდობა, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი ამით სულაც არ დასრულებულა.

უკვე დაიწყეს ამ გახმაურებული შოუს სპინოფზე მუშაობა, რომელიც ერთგული მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ სამყაროში განვითარდება, ოღონდ მთავარი სიუჟეტური ხაზის პრიქველი იქნება და უფრო ადრეულ მოვლენებზე მოგვითხრობს.

ამ ახალ ისტორიაში სემისა და დინის მშობლებს, ჯონ და მერი ვინჩესტერებს გავიცნობთ. მოკლე წინასწარი აღწერის მიხედვით, სიუჟეტი მათი ეპიკური ურთერთობის ირგვლივ განვითარდება, რომელმაც არა მხოლოდ მათი სიყვარული, არამედ სამყაროც გადაარჩინა.

ამ პროექტის სახელწოდება The Winchesters (ვინჩესტერები) იქნება და რაც ყველაზე მთავარია, მასში მონაწილეობას მიიღებს ჯენსენ ეკლსი — ის თავის როლს დაუბრუნდება და როგორც დინი, ისტორიის მთხრობელად მოგვევლინება.

ჯერჯერობით პრემიერის თარიღი უცნობია.