პარლამენტის მეფეთა დარბაზში მხატვარ გია ბუღაძის კედლის მოხატულობა პანელებით დაფარეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Facebook-ზე გავრცელდა. On.ge აღნიშნულთან დაკავშირებით გია ბუღაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მოხატულობის პანელებით დაფარვის შესახებ დღეს გაიგო.

ბუღაძე გვიყვება, რომ ეს მოხატულობა ზურაბ ჟვანიას თხოვნით შეასრულა და მასზე ისტორიული მნიშვნელობის სცენებია გამოსახული.

ფოტო: თათული თოდუა / facebook

"აწერია კიდეც დიდი ასოებით, რომ ზურაბ ჟვანიას სურვილით შეიქმნა. იქ დახატულია საკმაოდ საინტერესო სცენები, სხვათაშორის, ისტორიულია [...] არის ვახტანგ გორგასალი, ფარნავაზი, მირიან მეფე, ხოლო პატარა სივრცეში არის გიორგი ბრწყინვალე, რომელიც იერუსალიმში შედის აფრიალებული დროშებით [...] ხედავთ, ხომ რამხელა ისტორიული მნიშვნელობის ნამუშევარია, იდეაში", — ამბობს ის.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, მოხატულობა დაზიანებული არ არის და ნაჭრის პანელები მისი უსაფრთხოებისთვის დაამაგრეს.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში იმართებოდა ბევრი სამუშაო შეხვედრა, ტრიალებდა ბევრი ხალხი და გადავწყვიტეთ, ეს ნაჭრის დამცავები დაგვეფარებინა კედელზე, რომ არ დაზიანებულიყო", — აცხადებენ პრესსამსახურში.

გია ბუღაძის თქმით კი, მოხატულობის დასაცავად სხვა საშუალებაც არსებობდა და ამის გაკეთება შეიძლებოდა ისე, რომ ის არ დაფარულიყო.

"არ ვიცი, პანელის უკან რა არის დარჩენილი, მე დღეს გავიგე ეს [...] დამიკავშირდი და დაგეხმარები, გეტყვი, რა უნდა გააკეთო ამისთვის, ამაში ხომ ფული გადაიხადე? ვიყიდოთ იგივე ფასად გამჭვირვალე პლასტიკი და დააფარე, თან გამოჩნდება, თან არ დაზიანდება. ელემენტარულია, რატომ არ მიკავშირდები, რატომ უნდა გავიგო შემთხვევით? მილიონი საშუალებაა გადარჩენის, უბრალოდ სურვილი უნდა იყოს. უნდა ხედავდე, რომ ეს ისტორიაა, ამას სხვა ვეღარ გააკეთებს", — აცხადებს ის.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პანელები დროებითია და როგორც კი სიტუაცია განიტვირთება, მოიხსნება, თუმცა მათ ვადები არ დაუკონკრეტებიათ.