კორონავირუსის დელტას ვარიანტი, პირველად ინდოეთში გამოჩნდა. ის მალევე სხვა ქვეყნებსაც მოედო და დომინანტ შტამადაც ჩამოყალიბდა. ვირუსის წარმომავლობის გამო, მას ინდურ შტამსაც ვეძახით. ახლა ინდოეთი ახალ საგანგაშო შტამზე — დელტა პლუსზე გვაფრთხილებს.

სამშაბათს, 22 ივნისს, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დელტა პლუსის ვარიანტი, ასევე ცნობილი როგორც Delta-AY.1 — დაახასიათა, როგორც "შემაშფოთებელი ვარიანტი".

თუმცა, ზოგიერთი მეცნიერის თქმით, ნაადრევია იმის პროგნოზირება, რომ ახალი "მუტაცია" შემაშფოთებელია.

ჯერჯერობით, დელტა პლუსის ვარიანტის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირებულია ინდოეთის შტატების მაჰარაშტრას, კერალას და მადია პრადეშის მთელ რიგ რაიონებში. ინგლისის ჯანდასცვის უწყებამ ამ თვის დასაწყისში გამოაქვეყნა ინფორმაცია დელტა პლუსის ვარიანტის შესახებ, რის მიხედვითაც, უკვე რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული კანადაში, გერმანიაში, რუსეთში, ნეპალში, შვეიცარიაში, ინდოეთში, პოლონეთში, პორტუგალიაში და იაპონიაში.

"ახალი შტამი შემაშფოთებელია. ეს K417N და L452R მუტაციების ერთობაა. ამან შეიძლება გააძლიეროს დელტა AY.1 და ის ვაქცინების მიმართ უფრო მდგრადი გახდეს", — ამბობს ვირუსოლოგი ჯულიან ტანგი.

ინდოეთის ჯანდაცვის ორგანოები აცხადებენ, რომ მათ ჩაატარეს ლაბორატორიული გამოკვლევები დელტა პლუს ვარიანტზე და დაადგინეს, რომ ის უფრო გადამდებია, უფრო ადვილად აზიანებს ფილტვის უჯრედებს და, შესაძლოა, უფრო მდგრადი იყოს ანტისხეულების თერაპიის მიმართ.

თუმცა, არიან ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნაადრევია იმის დასკვნა, თითქოს ახალი შტამი უფრო სახიფათო იყოს, რადგან ამ ეტაპზე მასზე საკმარისი მონაცემები არ გვაქვს.

"იმისთვის რათა მსგავსი დასკვნები გავაკეთოთ, ასობით და ათასობით პაციენტის შესწავლაა საჭირო. ახალი შტამით დაინფიცირებული ამდენი ადამიანი კი ჯერ ფიზიკურად არ არის აღრიცხული“, — ამბობენ ისინი.