ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას სასტუმროში ერთად ყოფნა დამთხვევა იყო.

"მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ ის ორი-სამი დღეც იყო დამთხვევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ მათი სასტუმროში ერთად ყოფნაც იყო დამთხვევა, ჩვენ შეიძლება გვწამდეს სხვა რამის. რეალურად ეჭვები ყოველდღიურად მძაფრდება იმასთან დაკავშირებით, რომ არის ძალიან კონკრეტული ალიანსი ჩამოყალიბებული ორ პოლიტიკოსს შორის, ეს კიდევ უფრო გაამძაფრა, რა თქმა უნდა, ამ ე.წ. დამთხვევამ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ვაშინგტონში", — თქვა კობახიძემ.

23 ივნისს რუსთავი 2-მა გაავრცელა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.