დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გარკველწილად სტაბილურია, თუმცა რეგულაციები ყველამ მაინც უნდა დაიცვას. მისივე თქმით, Covid-19-ის შემთხვევების კლების ტენდენცია არის.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სიტუაცია გარკვეულწილად სტაბილურია, თუმცა საყურადღებოდ და ფრიად საყურადღებოდ სტაბილური, იმიტომ რომ საქართველოსთვის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სერიოზული ციფრია. მიუხედავად ყველა იმ შემსუბუქებისა, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ვეძებთ შუალედს და დანის პირზე მივდივართ რომ არ ჩაიკეტოს ქვეყანა და მეორეს მხრივ რაც შეიძლება მეტი მივცეთ თავისუფლება ეკონომიკას, მაგრამ ამავე დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. ამიტომ, ის რეგულაციები და რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ", — აცხადებს გამყრელიძე.

24 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 635, ხოლო გარდაიცვალა — 17 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 469 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 15 944, ხოლო PCR-ით — 14 525.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15%, ბოლო 7 დღის — 2.45%, ხოლო 14 დღის — 2.43%.