ფრაქციის, ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის წევრის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მისი გუშინდელი განცხადება პარლამენტიდან გასვლი შესახებ, ვიღაცებმა არასწორად გაიგეს.

"მე გუშინ გავაკეთე განცხადება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტისგან გასვლას. არა ბატონებო. თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს რომ ამ [შარლ მიშელის] დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. არ დაგტოვებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, კანონის ფარგლებში ბუნებრივია, რომ გავაკეთოთ სრული ლუსტრაცია იმისა, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ხაზარაძემ საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა, რომ ქართული ოცნება მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ფორსირების შემთხვევაში, გავიდნენ პარლამენტიდან.

"შევთანხმდეთ, რომ ჩვენ დღეს არც დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, არც სამართლიანი. ეს სასამართლო და ეს მოსამართლეები, ისევე როგორც პროკურატურა — უმეტესი ნაწილი, ყველას არ ვეხები — თქვენ გადმობარებული გყავთ ნაციონალური მოძრაობიდან. ეს არის ფაქტი", — განაცხადა ხაზარაძემ დღევანდელ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე, მისი მოადგილე, სალომე სამადაშვილი და პარტია ლელოს წევრი, გრიგოლ გეგელია ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. განხილვის მთავარი თემა სწორედ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი და ქართული მართლმსაჯულებაა.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს სანქციების აუცილებლობა იმ მოსამართლეებისთვის, ვინც კლანის უწყობს ხელს. გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით, უნდა ველოდოთ მკაფიო გზავნილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერების შესახებ.

გაიგე მეტი: