პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ექსპრეზიდენტთან კავშირებზე გავრცელებულ ინფორმაციზე განაცხადა, რომ მას და სააკაშვილს არანაირი გადაკვეთა არ ჰქონიათ.

"ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ შევიკრიბეთ, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით და მეორე დღესვე უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არანაირი არ გვქონია და საერთოდ ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ლოჯისტიკურად უფრო სხვა სასტუმროში ყოფნა იყო გეოგრაფიულად მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი, უბრალოდ, ჩვენ აქ ყველა შევიკრიბეთ. ერთი რამ გაითვალისწინეთ, ამის უკან საერთოდ არაფერი არ არის და შეხვედრაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია, არ არის ეს სწორი. არაფერი მე დასამალი არ მაქვს, არაფერი საერთო ნაციონალურ მოძრაობასთან არ მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით, ქართულ ოცნებას წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა", — განაცხადა გახარიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

მანვე თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ პარტნიორებს აინტერესებთ ის, თუ რა ხედვა აქვთ მათ ქვეყნის მომავალზე.

"საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც წარსულთან დაკავშირებით, ისე მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი მაინც ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს კოლეგებს აინტერესებთ ჩვენ როგორი ხედვა გვაქვს ქვეყნის მომავლის. ადმინისტრაციაშიც გვქონდა შეხვედრები, უშიშროების საბჭოშიც გვქონდა შეხვედრები, ჩამოვალ და ყველაფერს მოგიყვებით, ყველა, ვინც რაიმე სახით საქართველოსთან არის დაკავშირებული ფორმალური თანამდებობით ან კვლევის ნაწილში ან საქართველოს მეგობარია, ყველასთან გვქონდა შეხვედრები და ძალზედ ნაყოფიერი", — ამბობს გახარია.

23 ივნისს რუსთავი 2-მა გაავრცელა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.