ჯეიმს ბონდის ფილმების სერიას მთელ მსოფლიოში უამრავი ერთგული მაყურებელი ჰყავს და მათ შორისაა 57 წლის ჯეიმს მილარიც, რომელიც ამ ფრენჩაიზის ბოლო ფილმის გამოსვლას მოუთმენლად ელის.

თუმცა მან შეიძლება ამ სურვილის ასრულება ვერ მოახერხოს: მოულოდნელად კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა და ექიმებმა მხოლოდ რამდენიმე კვირის სიცოცხლის იმედი მისცეს, ჯეიმს ბონდზე გადაღებული ახალი ფილმის No Time to Die (სიკვდილის დრო არ არის) პრემიერა კი შემოდგომაზე, 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ამის გამო მისმა შვილმა, რემიმ, ტვიტერზე სპეციალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორი გულმხურვალე ფანია მამამისი და ყველას დახმარებას სთხოვს, იქნებ გამონაკლისის სახით მოხერხდეს და ჯეიმს მილარსს ფილმი პრემიერამდე აჩვენონ.

ვიდეოს უკვე მოჰყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელებში და ბევრი იმედოვნებს, რომ ეს ამბავი ფილმის მწარმოებელ კომპანიამდეც Universal Pictures მივა და გამოსავალსაც იპოვიან.

სიკვდილის დრო არ არის თავდაპირველად 2020 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა პანდემიის გამო მრავალჯერ გადაიდო პრემიერის თარიღი.