დეპუტატ სალომე სამადაშვილს თქმით, ამერიკელმა პარტნიორებმა შესაძლოა დღის წესრიგში დააყენონ იმ მოსამართლეებისთვის სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც ე.წ. კლანის მუშაობას უწყობს ხელს. ეს განცხადება სამადაშვილმა ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"საუბარი გვქონდა, რომ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეების მიმართებაში ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა ვინც ამ კლანის მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს [...]

არსებული სასამართლოს სისტემით, მაშინ როცა კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ არსებობს და იმ გამოწვევების ფონზე რომელიც დღეს ჩვენს წინაშეა რეალურად საქართველოს შანსი, რომ წინ წავიდეს ნატოს მიმართულებით არ აქვს. ეს მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, უნდა ველოდოთ მკაფიო გზავნილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერების შესახებ.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და უნდა შესრულდეს ზედმიწევნით მიშელის შეთანხმება", — განაცხადა სამადაშვილმა.

ფოტო: ლელო

სალომე სამადაშვილი ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის თავმჯდომარეთან, ბადრი ჯაფარიძესა და პარტია ლელოს ერთ-ერთ ლიდერთან, გრიგოლ გეგელიასთან ერთად ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავენ.