სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინის ნაკლებობა შეიძლება, შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს პარლამენტის სესიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყანაში კოვიდის და ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემების შეფასება მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ, სთხოვა.

ომბუდსმენი ვაქცინაციასა და ზოგადად კოვიდის მართვასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი, მათ შორის მოქლაქეების მხრიდან, გასაჩივრების საფუძველი გახდება.

"შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრტიკულად მივიჩნევთ. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს იცავს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან და, როდესაც ქვეყანაში დღეს ვაქცინა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამდენად, ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი", — აცხადებს ნინო ლომჯარია.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, ეხება ეს შეზღუდვების შემოღებას თუ გაუქმებას, არ არის დასაბუთებული.

ლომჯარიას ამ შეფასებას მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ეს არის უსამართლო და მძიმე ბრალდება".

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მართლაც უფრო აქტიური უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესი და უფრო მეტად დაცული თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. მაგრამ "სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება შეიძლება წავუყენოთ მაშინ, როდესაც პაციენტს, ანუ დაავადებულ ადამიანს არ მკურნალობენ ან არასწორად მკურნალობენ". ეს კი, მისივე თქმით, ქვეყანაში არ ხდება და ვაქცინების ნაკლებობა მთელ მსოფლიოშია და მათ შორის, წამყვან და ძლიერ ქვეყნებში.