სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ "იუსტიციის საბჭოს რეფორმირების გარეშე, მისი მხრიდან ჩატარებული შერჩევა თუ კონკურსი თუ ნომინაცია არ ისარგებლებს არც საზოგადოების და არც საერთაშორისო ორგანიზაციების ლეგიტიმაციით". ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს პარლამენტში, ომბუდსმენის ანგარიშის განხილვისას მმართველი გუნდის საპასუხოდ განაცხადა.

იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კითხვა ომბუდსმენს ქართული ოცნების წარმომადგენელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, დაუსვა. მან ლომჯარიას პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა, ხედავს თუ არა ხარვეზებს მოსამართლეთა დანიშვნაში და სად არის რეკომედაციების შეუსრულებლობა.

საპასუხოდ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი ამ საკითხს ფართო ჭრილში უყურებს და პრობლემაზე დიდი ხანია, საუბრობს.

"ამის მაგალითია ის განცხადებები, რაც კეთდება ჩვენი მთავარი პარტნიორების და მხარდამჭერების — აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. რაც შეეხება სახალხო დამცველს, წლებია უკვე, რაც ამაზე ვსაუბრობთ, რომ ის პროცესი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ცვლილებები განხორციელდა, დღეს უკვე საკმაოდ დაგვიანებულია და ამ შემთხვევაში უფრო არსებითი ცვლილებებია გასატარებელი საბჭოს რეფორმირების მიმართულებით, ვიდრე კონკრეტული ცვლილებები კანონმდებლობაში", — აცხადებს ნინო ლომჯარია.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა გოჩიაშვილი. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან დადებითად აფასებს ქეთი მესხიშვილისა და ეკა ზარნაძის წარდგენას, თუმცა ამბობს, რომ ამ მოდელით უმრავლესობაში კვლავ ე.წ. კლანი რჩება, კარგი მოსამართლეები კი — უმცირესობაში. ეს საკითხი კი უკვე გახდა ოპოზიციის, არასამტავრობო სექტორის და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საგანი.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.

ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.