საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ეწვევა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრა 18 ივლისისთვისაა დაგეგმილი და მზადება უკვე დაწყებულია.

"მე დავპატიჟე 18 ივლისს. უკვე მზადება არის ამ შეხვედრის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, თუ ეს ასოცირებული ქვეყნები, რა მხრივ შეიძლება წინ წაიწიონ ევროპასთან ინტერგრაციისკენ. სექტორალური ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, შავ ზღვაზე რა შეიძლება რომ გაკეთდეს, შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატოსთან არის ასევე დაკავშირებული", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

უკრაინაში ვიზიტით მყოფი ზურაბიშვილმა საერთო პრესკონფერენციისას განაცხადა ისიც, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გასაღრმავებისთვის გამოსაყენებელი დრო დაიკარგა. მანვე აღნიშნა: "მე პირადად, ჩვენს ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდებოდი".

"პირველად, 15 წლის შემდეგ პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს უკრაინას, თუმცა მე მოხარული ვიყავი, რომ ვესწრებოდი თქვენს ინაუგურაციას და არ დამავიწყდება ეს დღე. სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ გარკვეული დრო დაიკარგა, დრო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისევე, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს მიმართულებით ჩვენი საერთო მიზნების გამყარებისთვის. მე პირადად, ჩვენ ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები. ვთვლი, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. ჩვენი ურთიერთობა საკუთარ ნორმას უბრუნდება", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის გარდა კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები უკრაინის პრემიერმინისტრთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

ზურაბიშვილი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.