სახალხო დამცველი აცხადებს, რომ "რადგან არსებული საარჩევნო სისტემა ისედაც ვერ უზრუნველყოფს ქალების ადეკვატურ და სამართლიან წარმომადგენლობას", ცვლილებებით არ უნდა მოხდეს ამ მდგომარეობის გაურესება და, თუკი სისტემა უკეთესობისკენ იცვლება, ამით "ქალებმაც უნდა ისარგებლონ". ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ დღეს პარლამენტში, ომბუდსმენის ანგარიშის განხილვისას მმართველი გუნდის კითხვების საპასუხოდ გააკეთა.

ქართული ოცნების დეპუტატები — გია ვოლსკი და ნინო წილოსანი, დაინტერესდნენ, თუ რატომ აქვს პრეტენზია ნინო ლომჯარიას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან მათი თქმით, იმის გამო, რომ პროპორციული ნაწილი იზრდება, კვოტის შემცირებით მაინც იგივე შედეგი მიიღება, რაც ძველი პროპორციის შემთხვევაში.

საპასუხოდ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი წლებია, იძლევა საარჩევნო სისტემის უფრო მეტად პროპორციულად გახდომის რეკომენდაციას, რადგან მიაჩნიათ, რომ პროპორციული სისტემა უფრო მეტად უზრუნველყოფს რეალობის ასახვას. თუმცა, მისი პოზიციაა, რომ უკეთესობისკენ ნაბიჯის გადადგმა ქალების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს და მათაც თანაბრად სარგებლობის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

"თუკი საარჩევნო სისტემა იცვლება, მე არ ფიქრობ, რომ ქალთა კვოტირება უნდა შევამციროთ იმიტომ, რომ დღეს მოქმედი კვოტითაც ჩვენ ვერ ვიღებთ ქალთა იმ რაოდენობის წარმომადგენლობას, რაც იქნებოდა სამართლიანი და ადეკვატური. ამიტომ, თუ სისტემა იცვლება და სისტემა უფრო პროპორციული ხდება, ამით ქალებმაც უნდა ისარგებლონ და არ შევამციროთ, რადგან არსებული სისტემა ისედაც ვერ უზრუნველყოფს ქალების ადეკვატურ და სამართლიან წარმომადგენლობას და ნებისმიერი ცვლილება უნდა გვაბრუნებდეს არა უკან, არამედ უნდა იყოს უფრო სამართლიანი სისტემისკენ მიმართული", — აცხადებს ნინო ლომჯარია.

მმართველი გუნდის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესი იცვლება. კერძოდ, არსებული კანონმდებლობით 2028 წლამდე ჩასატარებელ თვითმმართველობის ყველა არჩევნებში პარტიულ სიებში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს, ცვლილებების მიხედვით, იქნება ყოველი მესამე. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, განსაკუთრებით კი ქალების უფლებდამცველთა მხრიდან.