მთავარი არხის მიერ დაკვეთილი IPSOS-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25% კი პირიქით.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, 55% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია საშუალოდ არის განვითარებული. 35%-ის აზრით — ცუდად, 10% კი ფიქრობს, რომ კარგად.

მთავარი არხის განცხადებით, გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით და პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მათივე განცხადებით, მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

ამ კვლევის თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 23% ნაციონალურ მოძრაობას, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას — საქართველოსთვის. როგორც გიორგი გაბუნიამ განმარტა, ეს არის მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხები, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებზე მისვლა და ისიც, ვის მისცემენ ხმას.