ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ლელოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრები იმისთვის შემოვიდნენ პარლამენტში, რომ სხვა ოპოზიციური ჯგუფები გაიყვანონ.

"მთელი ამ რიგი ოპოზიციური ჯგუფების განცხადება, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე, ლელოსა და სხვა ჯგუფების — მე იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფი არ შემოუერთდება ამას — ისინი შემოსული ყოფილან თურმე იმისთვის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში, რომ სხვა ოპოზიციური ჯგუფები გაიყვანონ პარლამენტიდან. ეს განცხადება არის ყველაფრის მთქმელი.

კახა ოქრიაშვილის სახელით თქვა დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ და სავარაუდოდ ლელომ, რომ ისინი შემოვიდნენ რეალურად, არა ხალხის ნების განსახორციელებლად და არა მიშელის დოკუმენტის განსახორციელებლად და მხარდაჭერისთვის, არამედ იმისთვის, რომ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები თურმე პარლამენტიდან გაიყვანოს. გზა ფართოა, შეიძლება გავიდნენ, თუმცა როგორც ადრე ამბობდნენ, რომ არ შევალთო და შემოვიდნენ და მოუწიათ შემოსვლა, თუ გავლენ, ასევე მოუწევთ შემოსვლა", — განაცხადა მან იმედის ეთერში.

დღეს, 23 ივნისს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და მოუწოდა ოპოზიციას, თუ მმართველი გუნდი ამ საკითხის ფორსირებას დაიწყებს, გავიდნენ პარლამენტიდან. აღნიშნულს შეუერთდა პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერი, კახა ოქრიაშვილი.