თუკი ინტერნეტში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით კი ტიკტოკს იყენებთ, ადვილად შესაძლებელია, შეცდომით ან არაზუსტად გავრცელებული ამბის მსხვერპლად იქცეთ. ზუსტად ისე, როგორც ცოტა ხნის წინ ტიკტოკის არაერთი მომხმარებელი იქცა.

ტიკტოკერები ერთმანეთს არა მხოლოდ სახალისო ცეკვის, არამედ უცნაური გამოცდილებების და საეჭვო ექსპერიმენტების ვიდეოებსაც ხშირად უზიარებენ. ამჯერად, ასეთი საეჭვო ექსპერიმენტი სალათის ფურცლების ნაყენის დალევა გახდა, რომლის მიზანიც, არც მეტი, არც ნაკლები, დაძინებაა.

ტიკტოკის მომხმარებელმა shapla_11-მა ვიდეოში თქვა: "როგორც ჩანს, სალათის ფურცლის ნაყენი ძილს გვგვრის. რადგან არ მეძინება, მოდი, ვცდი".

ვიდეოს ავტორმა ნაყენს პიტნაც დაუმატა, რადგან, სწორად შენიშნა, რომ სალათის ფურცლის ნაყენი "ყარს".

ისიც და მის მსგავსად ათობით მომხმარებელიც ირწმუნება, რომ ნაყენმა იმოქმედა.

ჩნდება კითხვა — არის თუ არა სალათის ფურცელი საძილე საშუალების მსგავსი? დიდი ალბათობით, არა.

საქმე იმაშია, რომ ტიკტოკერებმა წაიკითხეს და არასწორად გაიგეს 2017 წლის კვლევა, სადაც სალათის ფურცლების ძილის გამაუმჯობესებელ ეფექტს მეცნიერები თაგვებზე სწავლობდნენ. მკვლევრებმა მღრნელები პენტობარბიტალის ნატრიუმის დამამშვიდებლით დააძინეს, შემდეგ კი სხვადასხვა ფოთლის, მათ შორის რამდენიმე სახეობის სალათის ფურცლის ექსტრაქტით სცადეს, გაეგოთ, რამდენად აუმჯობესებენ ჩაძინების და ძილის პროცესს ეს დანამატები. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ექსტრაქტებმა დამამშვიდებელმიცემულ თაგვებში ჩაძინება გააადვილა და ძილის პროცესიც გაახაგრძლივა.

თუმცა, ტიკტოკერებს არა მხოლოდ კვლევის შედეგები, არამედ ინგრედიენტების ნაირგვარობა და რაოდენობებიც შეეშალათ, რის გამოც, საეჭვოა, მსგავსი შედეგი მიეღოთ.

როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, მარი-პიერ სენტ-ონჟი ამბობს, ინტერნეტმომხმარებლებმა ექსპერიმენტითა და სალათის ფურცლის ნადუღით, სავარაუდოდ, პლაცებოს ეფექტი მიიღეს. განსაკუთრებით მათ, ვინც შეცდომით სხვა სახეობის სალათის ფურცელი გამოიყენა.