სხალთის მიტროპოლიტმა სპირიდონმა თავის ეპარქიაში იმ პარტიის წევრების ზიარება აკრძალა, რომლებმაც ხელი მოაწერეს LGBT უფლებების შესახებ დოკუმენტს. მან მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ "ჰომოსექსუალიზმი ფაქტობრივად რელიგიაა" და "მათი მხარდამჭერები არიან სატანის თაყვანისმცემლები".

"ადამიანები, რომლებიც ამ ცოდვაში არიან და ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მათ, იმათ ვერაფერი ვერ აცხონებს, თუ არ შეინანეს მათ. რა თქმა უნდა, მათი ზიარება არ შეიძლება. არ შეიძლება მათი ზიარება იმიტომ, რომ ჰომოსექსუალიზმი რელიგიაა ფაქტობრივად დღეს, სატანის რელიგია და მათი მხარდამჭერები არიან სატანის თაყვანისმცემლები. ამიტომ, მე ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით და ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენს ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან პარტიამ უნდა შეინანოს და დიდი სინანულის შემდეგ უკვე შეიძლება ზიარება", — განაცხადა სპირიდონმა.

16 მაისს 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ დისკირმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ამასთან, არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.

ხელმომწერი პარტიები არიან:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • გირჩი;
  • ევროპული საქართველო;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება;
  • რესპუბლიკური პარტია;
  • კანონი და სამართალი;
  • სტრატეგია აღმაშენებელი;
  • ლელო;
  • რეფორმერი;
  • მოძრაობა დროა;
  • სამართლიანობისთვის;
  • ერთიანი საქართველო;
  • თავისუფალი დემოკრატები;
  • პროგრესი და თავისუფლება;
  • გამარჯვებული საქართველო.

მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელო იყო, 14 ივნისს კი პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა.

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში

15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".

ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.

პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს. ნინოწმინდის პანსონში იმყოფებოდა იმედის კვირის გადამღები ჯგუფიც. მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ბავშვები ყვებიან როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე, თუმცა ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა ამაზე არაფერი იცოდა.

ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.

1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.

ანა არგანაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, მისივე თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა, ყველა ბავშვის სიცოცხლე შეიძლება იყოს საფრთხეში და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.

დღეს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ.