შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი და ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის 20 ივნისს დაზარალებულთა კომპენსირებას ითხოვს. მათ დღეს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაც დაარეგისტრირეს.

როგორც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, კანონპროექტის ინიცირებისას განაცხადა, ის ყველა დაზარალებულისთვის ერთჯერად კომპენსაციას, საპენსიო უზრუნველყოფას და სიცოცხლის ბოლომდე სამედიცინო ხარჯების სრულად ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ამასთან, ვაშაძის თქმით, მათ კანონპროექტს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა აქვს და იმედოვნებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნება ვიწროპარტიულ ინტერესებს გვერდით გადადებს და იმაზე მაინც შეთანხმდებიან, რომ როცა ამდენი ადამიანი დაზარალდა, მათზე ზრუნვა არის საერთო სახელმწიფოებრივი და და საერთო ეროვნული ვალდებულება.

დაზარალებულთა კომპენსირების საკითხი გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს დააყენა. კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და განხილვის დაწყების თარიღი პარლამენტის ბიურომ უნდა განსაზღვროს.

დღეის მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული 275 ადამიანიდან პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მხოლოდ 85 ადამიანი. აქედან 78 შს სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო 7 — სამოქალაქო პირი.

საია-ში აცხადებენ, რომ 22 პირიდან, რომელსაც ისინი სამართლებრივად ეხმარებიან, 20-ს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. მათ შორის, დაგვიანებით ცნეს დაზარალებულად მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.