ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი და ბევრი უმნიშვნელო რეკორდი უკვე დამყარდა. ამჯერად მნიშვნელოვან მიღწევებზე ვისაუბროთ.

1. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი

ევრო 2020-ის დაწყებამდე ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს 9-9 გოლით მიშელ პლატინი და კრიშტიანუ რონალდუ იყოფდნენ.

ახლა პორტუგალიელს 12 გოლი აქვს და საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება დღეს, 23:00 საათიდან შეუძლია.

2. მე-5 ევროპის ჩემპიონატი კარიერაში

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ევროპის ხუთ ჩემპიონატზე (2004, 2008, 2012, 2016 და 2020) ითამაშა.

3. ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე

ევრო 2020-ზე ეს რეკორდი ორჯერ გაუმჯობესდა. 13 ივნისს ჯუდ ბელინგემი (17 წლის და 349 დღის) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია. 6 დღეში კი, ინგლისელის რეკორდი პოლონელმა კასპერ კოზლოვსკიმ მოხსნა (17 წლის და 246 დღის).

4. ყველაზე ახალგაზრდული შემადგელობა ევროპის ჩემპიონატზე

შოტლანდიასთან მატჩში ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელი და 31 დღე იყო. ასეთ ახალგაზრდულ შემადგენლობას არასოდეს უთამაშია ევროპის და, სხვათა შორის, არც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი.

5. დანიური სასწაული

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში დანია პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი წააგო და ფლეი-ოფში მაინც გავიდა.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 1992 წელს დანია საერთოდ ვერ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მაინც გახდა ევროპის ჩემპიონი, გეთანხმებით, სიტყვა სასწაული ცოტა გაზვიადებულია, როდესაც ორი წაგების შემდეგ ჯგუფიდან გასვლაზე ვსაუბრობთ.

ბონუსი – ყველაზე "ბებერი" დუბლი ევროპის ჩემპიონატზე

უნგრეთის ნაკრებთან დუბლის შესრულებისას კრიშტიანუ რონალდუ 36 წლის და 130 დღის იყო. აქამდე, რეკორდი ანდრეი შევჩენკოს ეკუთვნოდა, რომელმაც 2012 წელს, 35 წლის და 256 დღის ასაკში, 2 გოლი გაუტანა შვედეთს.

რონალდუს საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება დღეს, 23:00 საათიდან შეუძლია.